ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ნიკა მელია მძევლად ოპოზიციამ აიყვანა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ფიქრობს, რომ ნიკა მელია მძევლად ოპოზიციას ჰყავს აყვანილი.

“ნუ ჰყავთ მძევლად აყვანილი ნიკა მელია და თუ რიგგარეშე არჩევნები უნდათ, ეგ სხვა ამბავია აბსოლუტურად, სხვა ისტორიაა,”- ამბობს ქადაგიშვილი და აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა გადაწყდეს სასამართლოზე ნიკა მელიას ბედი, ეს ბევრს არაფერ შეცვლის “ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც ნებისმიერი შეთანხმება მიუღებელია”.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ბედი ნაციონალურ მოძრაობაზე და სასამართლოზეა დამოკიდებული.

“რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ ვთქვით, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა, ჩვენ მზად ვიყავით, პოლიტიკური ამნისტიის საკითხი განგვეხილა მოლაპარაკების საგნად ყველასთან ერთად, რომ ერთხელ და სამუდამოდ 20 ივნისის გარშემო სპეკულაციები დამთავრებულიყო.

როცა ეს საკითხი ამდაგვარად დაისვა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაინც ითქვა, რომ არ მოაწერდნენ დოკუმენტს ხელს, რადგან მათი ინტერესი არ არის იქ ჩამოთვლილი საკითხები, მათი სურვილია რიგგარეშე არჩევნები, რეალურად რომ ვთქვათ ხელისუფლების ხელში აღება,”- განაცხადა ქადაგიშგილმა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს არის ჩანიშნული, მას ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.