“დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას“– უთხრა ჟურნალისტებს დღეს ყოფილმა პრემიერმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსულ კანონზე საუბრისას. მისი თქმით, ამ კანონის გადახედვა და გაუქმება შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა საქართველო მზად იქნება ევროკავშირისთვის:
„ერთი რამ მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება, თქვენი აზრიც მაინტერესებს, თქვენც ყველა მოქალაქეები ხართ. საუბარია იმაზე,რომ ამ კანონის მიღებით რაღაც შეიძლება შეიცვალოს და იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი , ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან,რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად.
არ ვიცი, ვის ინტერესშია ეს, ვინ იყენებს ამ განცხადებას,ისევ რადიკალური ოპოზიცია. გადახედეთ, თუ რაიმე პატარ კრიზისები იყო, ყოველი განცხადება და ასეთი გამონათქვამი შემდგომში გამოყენებული იქნა ისევ რადიკალური ოპოზიციის მიერ, ეს ხომ მარტივი გასაშიფრი და წასაკითხია. უბედურება რაშია იცით, აი, ჩვენი უბედურება, აქ ხალხი ცხოვრობს, სამი ათასწლოვანი ისტორია გვაქვს, ჩვენ ე.ი. ჩასაფრებული ვართ რა თქვა, რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელმა, რა თქვა შემდეგ ევროპის წარმომადგენელმა, ამერიკის, ასე მეგობრებო, ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება საქართველოს და რაც სჭირდება ქართველ ხალხს. დღეს ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ქვეყანას არ სჭირდება ომი და ნგრევა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა.