ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-გერმანიის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ღარიბაშვილმა “იმედი გამოთქვა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერას.” ასევე ღარიბაშვილმა შოლცი “მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია”.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმა შოლცს მიაწოდა “დეტალური ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად”.

“შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის კუთხით.” – წერია განცხადებაში.

ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ შოლცთან ერთად განიხილა “საერთო ხედვა ძლიერი ევროპისთვის”.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საზიარო ღირებულებებს ეფუძნება. ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრო ძლიერი ევროპის შესახებ და გადამწყვეტი მნიშვნელობის ქმედებების აუცილებლობა. საქართველო ევროკავშირის ერთგული მოკავშირეა” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.