წუხელ ირანმა 300–მდე რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, ისრაელისა და მისი მოკავშირეების თავდაცვითმა სისტემებმა რეგიონში გაანადგურეს რაკეტების და უპილოტო დრონების დიდი უმრავლესობა. ათობით მათგანი ჯერ კიდევ მანამდე ჩამოაგდეს, სანამ ისრაელის ტერიტორიას მიაღწევდნენ.
რამდენიმე ირანულმა რაკეტამ მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის ერთ სამხედრო ობიექტს, თქვა ჰაგარიმ. რა ობიექტზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.
ამ დროისთვის ცნობილია ერთი მსხვერპლის შესახებ – 10 წლის გოგონა სამხრეთ ისრაელში, არადის რეგიონის ბედუინთა რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.
შეერთებული შტატები „დაეხმარა ისრაელს გაანადგუროს თითქმის ყველა უპილოტო დრონი და რაკეტა“, რომელიც რომელიც ირანმა გაუშვა– განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან ასევე გამოაცხადა დიდი შვიდეულის ლიდერების სასწრაფო მოწვევის შესახებ „ირანის თავხედურ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის კოორდინაციის მიზნით“.
დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში “გადაიჭერენ ნებისმიერ საჰაერო თავდასხმას ხელმისაწვდომი დიაპაზონის ფარგლებში”, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ. თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა თქვა, რომ რეგიონში განლაგებულია დამატებითი საჰაერო აქტივები, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები.
ირანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არ განახორციელებს შემდგომ დარტყმებს, მაგრამ გააფრთხილა ისრაელი შურისძიების, ხოლო შეერთებული შტატები ყოველგვარი ინტერვენციის წინააღმდეგ.
ისრაელის ხელისუფლებამ ირანის თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები ამ დროისთვის უკვე გააუქმა.
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი უპასუხებს მის ტერიტორიაზე თავდასხმას, თეირანის შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი იქნება.
ირანის გენშტაბის უფროსმა, მოჰამედ ბაგერიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ირანის სამხედროების პასუხი შესაძლო კონტრშეტევაზე „ბევრად ძლიერი“ იქნება.
ირანმა ასევე გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ისრაელის პასუხის მხარდაჭერა გამოიწვევს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას რეგიონში.
ირანის მისიამ გაეროში მანამდე განაცხადა, რომ ისრაელზე მასიური დარტყმის შემდეგ, თეირანი მიიჩნევს, რომ „საკითხი ამოწურულა“, ვინაიდან ირანმა უკვე გამოიყენა თავდაცვის უფლება გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით.
ირანის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა „კიდევ ერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას“.
ირანის წუხანდელი დარტყმა ისრაელზე იყო შურისძიება სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული შეტევის გამო. შეტევა დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა.