ბიბისის სპარსული სამსახურის კორესპონდენტის, პარიზად ნობახტის ინფორმაციით იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიმართულია ირანსა და ისრაელს შორის აშშ-ის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო ბედზე, ირანიდან მიღებული ცნობები მზარდ შიშსა და რეპრესიების ატმოსფეროზე მიუთითებს.
ანალიტიკოსები და აქტივისტები აფრთხილებენ ყველას, რომ გარე დაძაბულობის შემსუბუქებასთან ერთად თეირანმა შესაძლოა სწრაფად გადადგას ნაბიჯები შიდა კონტროლის აღსადგენად — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რამდენად ღრმა იყო ირანის სპეცსამსახურებში ისრაელის შეღწევის დონე.
სადაზვერვო ინფორმაციის მასშტაბურმა გაჟონვამ ირანის მმართველ წრეებში მასობრივი პარანოია გამოიწვია.
დღეს ქერმანშაჰის პროვინციის პროკურორმა ჰამიდრეზა კარიმიმ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების დარღვევის“ ბრალდებით 115 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არის ერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქეც, რომელსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
კარიმის თქმით, დაკავებულთა „მცირე ნაწილი“ ჯაშუშობაშია ბრალდებული, ხოლო უმეტესობა – „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში“.
ბოლო დღეებში ირანში სულ მცირე სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
კიდევ ათობით პირი დააკავეს რამდენიმე ქალაქში მსგავსი ბრალდებებით, რაც ხშირად უკავშირდება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს ან ჯაშუშობის ეჭვს.
სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის პარლამენტმა შეასუსტა სამართლებრივი შეზღუდვები ჯაშუშობის გამოვლენის და დასჯის პროცესისთვის, რაც ხელისუფლებას აძლევს საშუალებას „დივერსანტებისა და ჯაშუშების“ მიმართ უფრო სწრაფად და მკაცრად იმოქმედოს.
„ძველი კანონის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც ისრაელთან ომის დროს დააკავეს, შესაძლოა ვერც გასამართლებულიყვნენ. ახლა პარლამენტმა მოგვცა შესაძლებლობა, გამოვიტანოთ საჩვენებელი განაჩენები“.– ამბობს ის.