“ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები „შეკერონ“, ამას არ დავუშვებ. ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება”,– ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.
ის იმ 3 მაღალჩინოსნის დასახელებას ითხოვს, რომლის კომპრომატები, ფორმულას ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა მოიპოვა.
„დამისახელონ ის სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, შეიძლება 3 ადამიანზე მეტიც არის. დაძრულია მთელი საქართველო, უკვე სლოგანიც არის შექმნილი, რომ არის „მკვლელი მთავრობა“. სჯობს, რომ გონს მოეგონ! სანამ გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი, მთავრობამ დაასახელოს ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ჯგუფურად მოკლეს ჩემი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ. მოვითხოვ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო. გააჟღერეთ ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მალე გადაეცით“- ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
გუშინ “შაბათის ფორმულამ” ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.
თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.
წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.
„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.
„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.