დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ უკვრის, პირბადის აუცილებლობაზე საუბრისას, რატომ არ უკეთია პირბადე.
მან ოხანაშვილს შეახსენა, რომ იმ კანონპროექტის ავტორია, რომლის მიხედვით, დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთების შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.
“ბატონო ანრი, ისეთი დრამატიზმით საუბრობდით პირბადების აუცილებლობასა და საჭიროებაზე და იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას ამ COVID-19-ის დამარცხების პროცესში, მე მიკვირს ახლა პირბადე რომ არ გიკეთიათ და ისე არ საუბრობთ.
მე მოვიხსენი ახლა , შიგადაშიგ ვიხსნი ხოლმე და მეც მეხება ეს, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ესაა ერთადერთი გადამრჩენელი COVID-19-ისგან, რომ თავი დავიცვათ, თუმცა ვეთანხმები, რომ პრევენციისთვის საჭიროა. და ამიტომ არ ვარ ასეთი კანონპროექტის ავტორი”,- ამბობს ბესელია.
უმრავლესობის ყოფილი წევრი ასევე აღნიშნავს, რომ დეპუტატები პარლამენტში სოციალურ დისტანციას არ იცავენ.
“რადგან თქვენ ასეთი კანონპროექტის ავტორი ხართ და მიიჩნევთ, რომ ამაზეა დამოკიდებული ამ პანდემიის დამარცხება, მართლა მიკვირს, რომ არ გიკეთიათ, ისიც მიკვირს, სოციალურ დისტანციას ამ დარბაზში, სადაც 100-ზე მეტი დეპუტატი იკრიბება, რატომ ვერ და არ ვიცავთ. ფაქტია, რომ არ ვიცავთ”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. გარდა ამისა, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.