ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია ითხოვს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია იგივე სტანდარტით გავრცელდეს, “რაც აქამდე ყოფილა” და ამნისტირებისთვის ბრალდებულის თანხმობა საჭირო არ იყოს.
მისივე განცხადებით, მეორე მოთხოვნაა, რომ ამნისტია გავრცელდეს მიმდინარე საქმეებზე, რომელზეც შედეგი უკვე დამდგარია.
სამადაშვილის აზრით, საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა მედიატორების ჩართულობა კიდევ ერთხელ გახდეს საჭირო.
“ჩვენ დათმობას კი არ ვითხოვთ, ვითხოვთ იმ შეთანხმების დაცვას, რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ მოლაპარაკების პროცესში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულისტკივილი, რომ ჩემი წინადადებები მოლაპარაკებების დროს, რომ მოდით, ბარემ შევთანხმდეთ ამნისტიის კანონპროექტის ტექსტზე და თან დავურთოთ ამ შეთანხმებას, აღარ იყო პოლიტიკური რესურსი და მედიატორებმა გვითხრეს, რომ ეს არის საპარალამენტო პროცესი. ალბათ ახლა რომ მქონდეს შანსი, რამეს თუ შევცვლიდი, შევცვლიდი, რომ ამნისტიის კანონპროექტზე შევთანხმებულიყავით.
როგორც ჩანს, ისე მიდის საქმე, რომ ჩვენ შეიძლება ისევ მედიატორებთან საუბარი მოგვიწიოს, რომ მივიდეთ კონსენსუსამდე”,– თქვა სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.