“სამეფო ოჯახის განადგურება. ეპიზოდი 3“. დაახლოებით ასე შეიძლება ეწოდოს პრინცი ჰარის მორიგ გამოჩენას ამერიკულ მედიაში. სასექსის ჰერცოგმა კიდევ ერთხელ მისცა ინტერვიუ ოფრა უინფრის, ამჯერად მარტომ. თუმცა, მისი ინტერვიუ არანაკლებ სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე მისი და მეგან მარკლის ერთობლივი ინტერვიუ, რომელიც მათ ოფრა უინფრის სამი თვის წინ მისცეს.
პრინცი მოყვა მის ერთ–ერთ მთავარ სინანულზე. საქმე ეხება რასიზმს, რომელსაც მისი ცოლი, მეგან მარკლი ბოლო წლებში შეეჯახა. ოფრასთან ერთად Apple TV+ –ზე გასულ ახალ სერიალში მონაწილეობისას, რომლის სახელია “მე, რომელსაც შენ ვერ მხედავ“ პრინცმა აღიარა, რომ ისურვებდა მეტი გაეკეთებინა, რათა მისი ცოლისადმი მიმართული რასიზმისთვის ბოლო მოეღო. როგორც ყოველთვის, მეგანისადმი მიმართული კრიტიკა შეადარა იმ კრიტიკას, რომელსაც დედამისი, პრინცესა დიანა მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში აწყდებოდა.
“ისტორია მეორდებოდა. დედაჩემს სიკვდილამდე დევნიდნენ, როცა მას ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან, ვინც თეთრკანიანი არ იყო. ახლა კი ნახეთ რა მოხდა“ – თქვა ჰარიმ. მან იგულისხმა დიანას ბოიფრენდი – დოდი ალ ფაიედი, რომელიც ეგვიპტელი იყო და იმავე ავიკატასტროფაში დაიღუპა, რომელსაც 1997 წელს პარიზში დიანას სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ჰარი ამბობს ახლა მას ეშინია, რომ მის ცოლსაც შეიძლება იგივე ბედი ეწიოს, თუ პრესის ყურადღება და მის მიმართ სასტიკი თავდასხმები არ შეწყდება.
“არ გაჩერდებიან, სანამ ის არ მოკვდება. მე შეიძლება ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ქალი დავკარგო. სია იზრდება. და ეს ყველაფერი იმავე ადამიანებს, იმავე ბიზნეს–მოდელს, იმავე სფეროს ეხება.“– უთხრა მან ოფრას.
ჰარიმ გაიხსენა პრიცესა დიანას 1995 წლის სკანდალური ინტერვიუ, რომელიც მან ბიბისი–ს მისცა და ის, რომ ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა პრინცესს ნდობა მოტყუებით მოიპოვა.
“დედაჩვენმა სიცოცხლე ამის გამო დაკარგა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ძალიან მაწუხებს ის, რომ ასეთი დამოკიდებულება და ქცევა დღესაც გავრცელებულია.“– ამბობს ის.
მან ტრადიცია არ დაარღვია და კიდევ ერთხელ “უკბინა“ მამამისს, პრინც ჩარლზს:
“მამა ხშირად გვეუბნებოდა მე და უილიამს, როცა პატარები ვიყავით: “ასე ვიყავი მეც, და ასე იქნებით თქვენც“– თქვა ჰარიმ, როცა იხსენებდა, როგორ შეეჯახა პირველად პრესის გადამეტებულ ყურადღებას, როგორც სამეფო ოჯახის წევრი.
“ის ფაქტი, რომ თქვენ იტანჯებოდით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თვენი შვილებიც უნდა იტანჯებოდნენ. სულაც პირიქით! თუ თქვენ იტანჯებოდით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ დარწმუნებული იყოთ, თქვენი ნეგატიური გამოცდილება თქვენი შვილების შემთხვევაში აღარ განმეორდება. “– თქვა მან.
ბოლო დროს ჰარიმ უკვე მეორედ დააყენა ეჭვქვეშ საჯაროდ პრინცი ჩარლზის სიტყვები და საქციელი. და როგორც ჩანს, სასექსის ჰერცოგი მომავალშიც აპირებს ასე გააგრძელოს. ის მედიასთან სულ უფრო მეტს საუბრობს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პრობლემებზე, საკუთარ ბავშვობაზე და მძიმე განცდებზე, რაც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსით გადაიტანა.