დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ამჟამად 20 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი იმყოფება, რომლებიც ფაქტიურად სიკვდილმისჯილები არიან. მათ უკრაინელი სამხედროები რამდენიმე კვირის განმავლობაში “გადახნავენ“– აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო მფრინავი–ინსტრუქტორი რომან სვიტანი უკრაინული ტელეარხის ეთერში.
მისი თქმით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი მთელი რუსული დაჯგუფება განადგურდება, რადგან რუსი ჯარისკაცები იქიდან წასვლას მარტივი მიზეზის გამო ვერ შეძლებენ: “იმის გამო, რომ ეს პოლიტიკური ბრძანებაა–შეინარჩუნონ მარჯვენა სანაპირო რაღაც ამოცანების შესრულებამდე, რაც სავარაუდოდ რაღაც გაცვლას ან მოლაპარაკებებს უკავშირდება. თუმცა, ეს სუფთა პოლიტიკური მომენტია და სამხედრო მოსაზრებებთან სართო არაფერი აქვს. ამიტომაც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი დაჯგუფება, რომელიც მართლაც დიდია – 20 ათას კაცზე მეტი, ეს პრაქტიკულად სიკვდილისთვის განწირული ხალხია“– ამბობს პოლკოვნიკი.