“ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს!” – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩამოაგდებენ.
„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ.[…]ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს.[…] უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა. აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი“, – განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში.
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციები, დაახლოებით, ორი კვირის წინ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო გამოწვეული უკმაყოფილებით დაიწყო და ქვეყნის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 34 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის რვა დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, 2 270 მომიტინგე კი დააკავეს.















