ისლანდიის სამხრეთ დასავლეთით, დედაქალაქ რეიკიავიკის მახლობლად ვულკან ფაგრადალსფიადლის ამოფრქვევა დაიწყო. ამას წინ უძღვოდა ბოლო კვირის განმავლობაში ამ რეგიონში ათასობით პატარა მიწისძვრა.
ამოფრქვევა პარასკევს ადგილობრივი დროით 20:45 საათზე დაიწყო ნახევარკუნძულ რეიკიანესში, რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში.
ამ ეტაპზე ამოფრქვევის მაშტაბი მცირედ ითვლება, ლავის ნაკადები კი უმნიშვნელოდ. ლავა ნელა მიედინება სამხრეთ–დასავლეთით.
მომღერალმა ბიორკმა მის ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და განმარტა, რომ სწორედ ამ ვულკანის გვერდით მიდიოდა მისი კლიპის გადაღებები: “ეს ჩემი სახლიდან 30 წუთშია“– დაწერა მან და ყველას მოუწოდა სითბოთი დატკბნენ.
ვულკანის ამოფრქვევა უშუალო საფრთხეს არ უქმნის გრინდავიკის მოსახლეობას ან კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ამის მიუხედავად მეტეოროლოგები მოსახლეობას მეწყერის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.
გარდა ამისა, მოსალოდნელია ჰაერის დაბინძურება ვულკანური აირით. მოქალაქეებს თხოვენ ფანჯრები დაკეტონ, სახლში დარჩნენ და არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ ამოფრქვევის ადგილს. გამონაბოლქვის რაოდენობის შეფასება ამჟამად მიმდინარეობს. ამინდის პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ნალექი, რაც შესაძლო დაბინძურების გავლენას შეამცირებს.
სანაპირო დაცვის ვერტმფრენი ადგილის შესასწავლად გაგზავნეს. სწორედ მისი ბორტიდან გადაიღეს პირველი ფოტოები, რომელზეც ჩანს საით მიემართება ლავა ამოფრქვევის შემდეგ.
პირველადი ინფორმაციით ვულკანური ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია.
ოთხშაბათს დილით რეგიონში დაახლოებით 400 მიწისძვრა დარეგისტრირდა. ბოლო ოთხი კვირის მანძილზე კი ამ რაიონში 40 000–ზე მეტი პატარა მიწისძვრა მოხდა, რაც ბევრად მეტია საშუალო წლიურ მაჩვენებელზე. ყოველწლიურად ამ რეგიონში 2014 წლიდან 1–3 მიწისძვრა ფიქსირდება.
ისლანდიაში მიწისქვეშა ბიძგები ხშირია, რადგან ის ორ ტექტონიკურ ფილას შორის მდებარეობს.
2012 წელს ისლანდიაში ვულკან ეიაფიატლაიოკუდლის ამოფრქვევის შედეგად მთელ ევროპაში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. ასობით ისლანდიელი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
მოსალოდნელია, რომ ფაგრადალსფიადლის ამოფრქვევა დიდი რაოდენობით ფერფლის გამოყოფას არ გამოიწვევს, ამიტომაც ამჯერად ავიამიმოსვლა წესით არ უნდა დაზარალდეს.
რეიკიავიკის საერთაშორისო აეროპორტი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ არ დახურულა. ავიაკომპანიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, შეწყვეტენ თუ არა ფრენებს.