ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით ალ აჰლის ჰოსპიტალზე თავდასხმა პალესტინელი ბოევიკების სარაკეტო თავდასხმის შედეგი იყო.
„ისრაელის არმიის ოპერატიული სისტემების ანალიზმა აჩვენა, რომ ტერორისტებმა ღაზას სექტორში რაკეტები გაისროლეს, რაკეტები დაფრინავდნენ ღაზას სექტორში ალ-აჰლის ჰოსპიტალთან ახლოს იმ მომენტში, როდესაც საავადმყოფოზე დარტყმა მოხდა. სადაზვერვო მონაცემები მრავალი წყაროდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიუთითებს, რომ ისლამური ჯიჰადი პასუხისმგებელია ღაზას სექტორში მდებარე ჰოსპიტალზე წარუმატებლად გაშვებული რაკეტის დაცემის გამო“.–ნათქვამია განცხადებაში.
ღაზაში მდებარ ალ–აჰლის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა გვიან საღამოს მოხდა. ღაზას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაიცვალა ასეულობით ადამიანი, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია. ჰამასის ინფორმაციით დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი.
ალ–აჰლის ბაბტისტური საავადმყოფო ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჰამასი აცხადებს, რომ ნანგრევებში შეიძლება უამრავი მსხვერპლი იყოს.
ბრიტანელ–პალესტინელი ქირურგი, პროფესორი ჰასან აბუ სიტა ამბობს, რომ ის ოპერაციას ატარებდა, როცა საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა და საავადმყოფოს ნაწილს ცეცხლი მოედო.
ისრაელის არმიამ აფეთქებისთანავე განაცხადა, რომ მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და ისრაელის არმიის სამიზნე ღაზას საავადმყოფო არ ყოფილა.
ჰამასი საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.