ისრაელის დარტყმები ლიბანზე–ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს
ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორშაბათს დაწყებული ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიღუპა მინიმუმ 558 ადამიანი, მათ შორის 50 ბავშვი და 94 ქალი. დაშავდა 1800-ზე მეტი. ეს დღე ლიბანში ყველაზე სისხლიანი იყო 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი სამიზნე ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა და მებრძოლები არიან, რომელსაც მხარს უჭერს ირანი და
რომელიც მუდმივად ბომბავს ჩრდილოეთ ისრაელს.
სამშაბათს დილით ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, უმეტესობა გააუვნებელყვეს, მაგრამ ზოგიერთი შენობა დაზიანდა.
ჰეზბოლას განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფებამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ კირიათ შმონაზე. ჩრდილოეთ ისრაელში სიგნალიზაცია პერიოდულად მთელი დილის განმავლობაში ისმოდა.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ლიბანში 1600-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. თავდასხმები ძირითადად სამხრეთით იყო კონცენტრირებული, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში მოხდა.
ისრაელი ამბობს, რომ ის მხოლოდ ჰეზბოლას სამიზნეებს ურტყამს, მაგრამ ლიბანის ხელისუფლება ამბობს, რომ სამიზნეების უმეტესობა საბინაო ინფრასტრუქტურა იყო.
ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ურთიერთდაბომბვები სამშაბათსაც გაგრძელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტები ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე აფულას რაიონსა და ხეობებზე იყო მიმართული. მათივე ინფორმაციით, ისრაელის გამანადგურებლები მიმართული იყო ჰეზბოლას ათობით სამიზნეზე სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში.
ზოგიერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ მგზავრების უსაფრთხოების შესახებ შეშფოთების გამო ბეირუთში ფრენები გააუქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო თელ-ავივის მიმართულებით რამდენიმე ფრენა გაუქმდა.
“ჩვენ უბრალოდ უნდა გავიქცეთ”
ორშაბათს, ისრაელის სამხედროებმა ათასობით ხმოვანი ფოსტა და ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ლიბანის მაცხოვრებლებს ტელეფონით და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდა.
იმავე დღეს, ლიბანის სამხრეთ ნაწილის ათასობით მაცხოვრებელმა დატოვა სახლები. ქალაქებისა და სოფლების გასასვლელებში მრავალსაათიანი საცობები წარმოიქმნა.
„ჩვენ შევხვდით ოჯახებს, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე ჩანთა ჰქონდათ რამდენიმე ნივთი. ბევრი გაჩერდა ბეირუთისკენ მიმავალ მთავარ გზატკეცილზე და ელოდა დროებით თავშესაფრებში გადაყვანას“, – წერს ბიბისის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი ჰიუგო ბაჩეგა.
მედია ესაუბრა ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ლიბანის დედაქალაქში ერთი მოტოციკლით გაემგზავრა. „რისი მოსმენა გინდა ჩვენგან? უბრალოდ გაქცევა მოგვიწია“, – ამბობს ოჯახის მამა.
ზაჰრა სავლიმ, სტუდენტმა სამხრეთ ქალაქ ნაბატიადან, BBC-სთან ისაუბრა ადგილზე არსებულ ვითარებაზე. „სად უნდა წავიდეთ? ბევრი ხალხი ისევ ქუჩაშია. ბევრი ჩემი მეგობარი ტრაფიკშია ჩარჩენილი, რადგან ბევრი ადამიანი ცდილობს აქედან გასვლას, ”- თქვა მან.
ისრაელის სამხედროებმა მოუწოდეს ხალხს დაეტოვებინათ ის ადგილები, სადაც მათი აზრით, ჰეზბოლა იარაღს ინახავდა. გაფრთხილებები მიიღეს ბეირუთის უბნების მაცხოვრებლებმა, რომლებიც არ განიხილება ჰეზბოლას დასაყრდენად, მათ შორის ჰამრა, ტერიტორია, სადაც მდებარეობს სამთავრობო სამინისტროები, ბანკები და უნივერსიტეტები.
„ყველას ურეკავენ და ტელეფონით ემუქრებიან. სკოლიდან ჩემი შვილის წასაყვანად მოვედით. მდგომარეობა არ არის კარგი“, – განუცხადა როიტერს მამაკაცმა, სახელად ისა.
ლიბანის მთავრობის განცხადებით, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.
ლიბანის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სკოლა დაიხურება, ბევრი მათგანი გადაიქცევა დევნილთა თავშესაფრად.
The Times of Israel-ის ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში სამშაბათს მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება იხურება ჰეზბოლას მიერ გაგრძელებული დაბომბვის გამო.
ანალიზი: ისრაელის მეგობრები და მტრები ყველაზე უარესისთვის ემზადებიან
ომი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სწრაფად მწვავდება, რაც გამოწვეულია ისრაელის საჰაერო თავდასხმების მასშტაბით, წერს BBC.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის რამდენიმე ათეული წელია გრძელდება, დაპირისპირების მიმდინარე რაუნდი გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის მეორე დღეს დაიწყო.
მიმდინარე ესკალაციამდეც კი, 100 000-ზე მეტი ლიბანელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები ისრაელის საჰაერო თავდასხმების გამო. დაახლოებით 60 ათასი ისრაელელი იძულებული გახდა ქვეყნის ცენტრში ევაკუირებულიყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელმა განაცხადა, რომ მისი არმიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უზრუნველყოს მათი უსაფრთხო დაბრუნება სახლებში.
ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმები გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება. მაგრამ ამ დროისთვის აშკარაა, რომ არც ჰამასის ლიდერი და არც ისრაელის ხელმძღვანელობა არ არიან მზად დათანხმდნენ შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლამ დარტყმა მიიღო, მას ჯერ კიდევ უამრავი შესაძლებლობა აქვს რეაგირებისთვის. ამიტომაც ისრაელის მეგობრები და მტრები უარესისთვის ემზადებიან.