ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიუაჰუ და ოპოზიციური პარტია ”ეროვნული ერთიანობის” ლიდერი, ბენი განცი საგანგებო ეროვნული ერთიანობის მთავრობას ქმნიან. ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ეკუთვნის.
საგანგებო მთავრობა ომის პერიოდში შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
ბენი განცი მოთხოვნით შეიქმნება ომის მცირე კაბინეტი, რომელიც წარმართავს ომს ჰამასთან, რომელშიც განცთან ერთად შედიან მხოლოდ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.
მხარეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ერთიანობის საგანგებო მთავრობა არ მიიღებს არანაირ კანონსა თუ გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება ომთან კავშირში, შესაბამისად, საკამათო სამართლებრივი საკითხები საგანგებო მთავრობის მოქმედების პერიოდში არ გადაწყდება.
კაბინეტში დამკვირვებლების რანგში წარმოდგენილნი იქნებიან ისრაელის სტატეგიული ურთიერთობების მინისტრი, რონ დერმერი და ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერალი, ეროვნული ერთიანობის წევრი, გადი აიზენკოტი.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით კი ღაზას სექტორში დაიღუპა 900 პალესტინელი. 4500 კი დაშავდა.
ისრაელი ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვას განაგრძობს. წუხელ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში 200 სამიზნეზე მიიტანეს შეტევა. ბოლო 24 საათში კი ისრაელის არმიის ინფორმაციით ჰამასის პოზიციებზე 450 ავიადარტყმა განახორციელეს. მათ შორის ალ ფუკანში, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას ჰამასი ისრაელზე თავდასხმებისთვის იყენებს.
ისრაელის არმიამ დღეს ჰამასის კიდევ 18 ბოევიკის განადგურების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე შაბათს, 7 ოქტომბერს შეიჭრნენ.
მანამდე ისრაელის არმია აცხადებდა, რომ გაანადგურეს 1500 ჰამასელი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე და ამჟამად საზღვარი ღაზას სექტორთან სრულად კონტროლდება. ამავე დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წმენდა და შემორჩენილი ბოევიკების ძებნა.