ისრაელის სამხედროები ჰამასს ალ-შიფას ჰოსპიტალში მძევლის მკვლელობაში ადანაშაულებენ

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ კვირას საღამოს გამართულ ბრიფინგზე ჰამასი დაადანაშაულა კაპრალ ნოა მარჩიანოს მკვლელობაში ალ-შიფას საავადმყოფოში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასულ კვირას დაადასტურა 19 წლის ნოა მარჩიანოს გარდაცვალება. ის გამოჩნდა ჰამასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელსაც IDF–მა  “ფსიქოლოგიური ტერორიზმი” უწოდა.

თელ-ავივში გამართულ ბრიფინგზე ჰაგარიმ დეტალურად განმარტა, თუ რა აღმოაჩინეს ისრაელის სამხედროებმა ალ-შიფას ჰოსპიტალში ოპერაციის დროს.

მან აღნიშნა, რომ ეს არის “ჯერ კიდევ მიმდინარე ოპერაციის” წინასწარი შედეგები.

ჰაგარიმ ასევე თქვა, რომ ნოა არ იყო ერთადერთი მძევალი ალ-შიფაში. მან აჩვენა 7 ოქტომბრით დათარიღებული სათვალთვალო კამერის კადრები, სადაც მისი თქმით ჩანს,  რომ მძევლები საავადმყოფოში შეყავთ.

მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ ორი ისრაელელი მძევალი, რომელთაგან  ერთი მკლავზე სისხლით სდიოდა, შენობაში აიყვანეს.

”ჩვენ არ ვიცით სად არიან ახლა ეს მძევლები”, – აღნიშნა მან.

მან ასევე აჩვენა კადრები, რომლებშიც, მისი თქმით, ნაჩვენებია საავადმყოფოსთან მდგარი ისრაელიდან გატაცებული ჯიპი და თეთრი პიკაპი – იგივე ტიპის, როგორიც ჰამასმა  7 ოქტომბრის თავდასხმისას გამოიყენა.

”ამ დროისთვის სიმართლე ნათელია: ჰამასი ახორციელებს ტერორს საავადმყოფოებიდან”, – თქვა დანიელ ჰაგარიმ.

”ყველამ, ვინც ზრუნავს კაცობრიობის მომავალზე, უნდა დაგმოს ჰამასი”, – თქვა მან ბრიფინგის დასასრულს.