ისრაელის ქალაქ სდეროტში მოსახლეობის სრული ევაკუაცია მიმდინარეობს

ისრაელის ქალაქ სდეროტს მოსახლეობა ტოვებს. ეს ქალაქი 30 ათასიანი მოსახლეობით ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ის 1950–იანი წლების დასაწყისში აშენდა ნეგევის უდაბნოს ათვისების ფარგლებში და ღაზას სექტორის ჩრდილოეთ საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

ქალაქის მერის მოადგილე, ელად კალიმი მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მოსახლეობის ორი მესამედი უკვე ევაკუირებულია, კიდევ რამდენიმე ათასი ქალაქს ახლო მომავალში დატოვებს.

7 ოქტომბრიდან ამ ქალაქს ღაზას სექტორის მხრიდან 75 რაკეტა ესროლეს. ერთ–ერთი რაკეტა სდეროტში დღეს აფეთქდა.

ისრაელის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთელი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროცესი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სდეროტელები თელ–ავივის, იერუსალიმის და აილათის სასტუმროებში გადაყავთ.

ვიცე–მერის თქმით, ევაკუაციაზე უარს ამბობს მოსახლეობის დაახლოებით 10%, ანუ 3 ათასი ადამიანი.

“ბევრი ადამიანი ისეთივე განცდებშია, როგორც მე პირადად, ამბობენ, რომ ვერაფრით ვერ გამოვიყვანთ საკუთარი სახლებიდან. თანაც, ამბობენ, სად უნდა წავიდეთ? თელ–ავივში? ბოევიკები ხომ იქაც აპირებენ მოსვლას“– ამბობს ვიცე მერი.