ისრაელი აცხადებს, რომ ირანში ”ოპერაცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება”

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, ბრიგადის გენერალი ეფი დეფრინი აცხადებსმ რომ ირანში ოპერაცია “ჯერ მხოლოდ ახლა იწყება”.

“ამ ეტაპზე, ვაგრძელებთ თავდასხმის გეგმას, რათა მიაღწიოს ოპერაციის მიზნებს, ისრაელის მტკიცე დაცვასთან ერთად.” – თქვა ბრიგადის გენერალმა.

გენერალმა  აღნიშნა, რომ სამხედრო უწყება თვალს ადევნებს ირანის გეგმებს და “ირანის პასუხისთვის ემზადება”.

დღეს დილით, ისრაელმა განაცხადა რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები გაანეიტრალა.  ირანული მხარის ცნობით, ისრაელმა სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.  ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.

ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა.მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი.

ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას “პირველი ეტაპი” უწოდა. იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში “განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა” გამოაცხადა.