ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებდა – ამის შესახებ, მოსადის ყოფილი ხელმძღვანელი, იოსი კოენი აცხადებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს.
“მოსადის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ბევრი ოპერაცია ჩავატარეთ. დეტალების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მოსადმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან ბრძოლაში ბევრ წარმატებას მიაღწია. ჩვენ ვმოქმედებდით მთელ მსოფლიოში და თავად ირანის მიწაზე, აიათოლების შუაგულში.[…] ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა, რომელიც ჩვენს განადგურებას ითხოვს, ბირთვულ ღილაკს ხელი დააჭიროს. ირანი ცდილობს, ალყა შემოარტყას ისრაელს – სამხრეთით ღაზადან ლიბანამდე და ჩრდილოეთით სირიამდე. ის აფინანსებს, ამზადებს და იარაღს აწვდის ტერორისტულ ჯგუფებს, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, რაც მათ საშუალებას აძლევს, ათასობით რაკეტა ესროლონ ისრაელის მოსახლეობას” – თქვა კოენმა