ისრაელი შეზღუდვებს აუქმებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილია

კვირას, 21 თებერვალს ისრაელმა მთელი რიგი შეზღუდვები მოხსნა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო შემოიღო. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს. ორივე დოზით აცრილთა რაოდენობამ კი 32%–ს გადააჭარბა.

ქვეყანაში მუშაობას განაახლებენ სპორტდარბაზები, სასტუმროები და რელიგიური დაწესებულებები. ვიზიტორებმა თან უნდა იქონიონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ანტისხეულების არსებობის შესახებ ცნობა. ვაქცინაციისა და ანტისხეულების დამადასტურებელი დოკუმენტი სპეციალურ მობილურ აპლიკაციაში აისახება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.

ისრაელში დღეიდან მუშაობას განაახლებს ყველა მაღაზია.  თუმცა მაღაზიებში შესასვლელად არ არის საჭირო ცნობა ვაქცინაციის და ანტისხეულების შესახებ.

ისრაელის მოქალაქეებმა ძველებურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ცეკვები საბანკეტო დარბაზებში და რესტორნელბში აკრძალულია, მეჩეთებში, სინაგოგებში და ეკლესიებში კი ერთდროულად მყოფთა რაოდენობა ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

ისრაელში მოსახლეობის აცრის კამპანია ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი და აქტიურია მსოფლიოში. Pfizer–ის ვაქცინის პირველი კომპონენტი 9 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 45%–ზე მეტმა მიიღო.

ხელისუფლების ინფორმაციით ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა 95.8 პროცენტია.

ისრაელში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 740 ათასი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით 5500 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის მანძილზე სამჯერ შემოიღო მკაცრი ლოქდაუნი. ისრაელის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მეოთხე ლოქდაუნი აღარ იქნება.