სანამ მსოფლიო ვაქცინაციისთვის ემზადება ისრაელმა უკვე აცრა მილიონზე მეტი მოქალაქე. ეს არის აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ისრაელის მოსახლეობა 9 მილიონია.
ისრაელში ამჟამად რიგით მესამე საერთონაციონალური ლოქდაუნია. ქვეყანას იმედი აქვს, რომ ვაქცინაციის წყალობით მალე ლოქდაუნს დაასრულებს და უკვე თებერვალში ეპიდემიას საბოლოოდ გაუმკლავდება.
ამ დროისთვის ისრაელში 100 ადამიანიდან 11.5 უკვე აცრილია. მას მოჰყვება ბაჰრეინი – 3.5 ადამიანით ყოველი 100 ადამიანიდან და დიდი ბრიტანეთი – 1.5 ადამიანი 100 ადამიანიდან.
აშშ წლის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანის აცრას გეგმავდა, თუმცა ამ დრომდე აშშ–ში მხოლოდ 3 მილიონი ადამიანის აცრა მოახერხეს.
ევროკავშირში ამ მხრივ საქმე ნელა მიდის, რადგან ვაქცინა იქ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს მოხმარებისთვის. გერმანიაში პირველი დოზა დაახლოებით 150 ათასმა ადამიანმა მიიღო, საფრანგეთში კი სულაც ერთეულებმა.
მიზეზი გარკვეულწილად ისიც არის, რომ ფრანგები სკეპტიკურად არიან განწყობილი ვაქცინაციის მიმართ: გამოკითხვების მიხედვით, რომელიც Ipsos–მა ცოტა ხნის წინ 15 ქვეყანაში ჩაატარა, საფრანგეთის მოსახლეობის მხოლოდ 40% გამოთქვამს თანხმობას აიცრას. ჩინეთში ეს მაჩვენებელი 80%–ს შეადგენს, დიდ ბრიტანეთში 77%–ს, აშშ–ში კი 69%–ს.