ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე შეუტია ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების, ჰეზბოლას პოზიციებს. ისრაელის არმიის სარდლობამ დარტყმის შესახებ დღეს, 2 მარტს განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

„ჩვენ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დავიწყეთ. ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, არამედ შეტევაზეც გადავდივართ.[…] უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, მრავალი დღის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და უწყვეტი შეტევითი მზადყოფნა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა.

მანამდე, 1 მარტს საღამოს ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევა მიიტანა, როგორც თავად განაცხადა, რაკეტებით და დრონებით. ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დარტყმას უწოდა შურისძიება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მკვლელობისთვის.

ისრაელის თქმით,  ჰეზბოლა ანგრევს ლიბანის სახელმწიფოს, ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და არ მისცემს ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.