ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების ნაწილის გათავისუფლებაზე შეთანხმება მიღწეულია. წუხელ ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმების პირობები დაჯგუფება „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზას სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ.
შეთანხმების ძირითადი პუნქტებია ასეთია:
უახლოეს 24 საათში უნდა გამოცხადდეს ოთხდღიანი პაუზა საბრძოლო მოქმედებებში
ამ ეტაპზე ჰამასი ღაზადან 50 მძევლს გაათავისუფლებს . მათგან უმეტესობა, ჰამასის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ისრაელი მის ციხეებში მყოფ 150 პალესტინელ ქალსა და მოზარდს გაათავისუფლებს.
მეორე ეტაპზე საბრძოლო მოქმედებებში პაუზა ყოველ გათავისუფლებულ 10 მძევალზე ერთი დღით გაგრძელდება.
ისრაელი კიდევ 150-მდე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, თუ ღაზადან კიდევ 50-მდე მძევალი გათავისუფლდება.
ისრაელის იუსტიციის უკვე გამოაქვეყნა 300 პალესტინელის სია, რომლებიც შეიძლება შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდნენ – მათი უმეტესობა ახალგაზრდა მამაკია, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის არიან დაკავებული. ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმებას წინ იძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეების ჩართულობით.
დღეს დილით, კატარის ხელისუფლებამ, რომელიც შუამავლობდა ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებას, შეთანხმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა . საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების შემდგომ ეტაპზე გათავისუფლებულთა რაოდენობა გაიზდება. შეთანხმების მიღწევის შემდეგ კატარის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და ეგვიპტეს გაწეული დახმარებისთვის ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერების ორგანიზებაში.მუჰამედ ბინ აბდელრაჰმან ბინ ჯასემ ალ ტანის თქმით, ის იმედოვნებს, რომ შეთანხმება შექმნის “ყოვლისმომცველ და მდგრად შეთანხმებას”, რომელიც “დაასრულებს ომს და სისხლისღვრას”.
მოლაპარაკებებში კატარის ხელისუფლება ეგვიპტისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ვაშინგტონმა მანამდე იტყობინებოდა, რომ შეთანხმების განხორციელება დაიწყება „დაახლოებით 24 საათის შემდეგ“ იქიდან, რაც მას კატარის ხელისუფლება გამოაცხადებდა. დროის ათვლა დღეს დილიდან დაიწყო, შესაბამისად შეთანხმების რეჟიმი სავარაუდოდ ხვალ დილიდან ამოქმედდება.
ისრაელის არმიის წარმომადგენელი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ჰამასმა პაუზით ისარგებლოს:ჩვენ ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ჰამასთან რამე შეთანხმებას ვდებთ.
დადასტურებული ფაქტია, რომ ჰამასი შეთანხმებებს არ სცემს პატივს და ცეცხლის გახსნაც შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს. ასე მოხდა 2014 წელს და ეს ჩვენ კარგად გვახსოვს.
რა თქმა უნდა, ისრაელის არმია შეასრულებს იმ შეთანხმებას, რასაც ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭირა. ჩვენი სამხედროები ამ პერიოდის განმავლობაში დარჩებიან ღაზაში, კვლავ ვიქნებით ფოკუსირებული ამ ტერიტორიაზე, შეთანხმების პირობების და საკუთარი თავის დაცვაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით, რომ მტერი შეეცდება ისარგებლოს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდით მისი ტაქტიკური პოზიციების გასაუმჯობესებლად და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
შეთანხმება ხვალ დილიდან ამოქმედდება, დღეს კი ისრაელის საჰაერო ძალებმა კვლავ განახორციელეს საჰაერო შეტევა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. როგორც ჩანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე ისრაელის ძალები ოპერაციას განაგრძობენ, მისი ამოქმედების შემდეგ კი მოხდება ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთზე, ასევე შეჩერდება საჰაერო ოპერაციები ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში.
ისრაელის თავდაცვის არმია აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე მათ აღმოაჩინეს და გაანადგურეს ჰამასის გვირაბების დაახლოებით 400 შახტა.
ისრაელის და დასავლური დაზვერვების მონაცემებით ანკლავის ტერიტორია მიწისქვეშა გვირაბებით არის დაქსელილი. მათი საერთო სიგრძე 500 კილომეტრამდეა. ზოგიერთი გვირაბი საკმარისად განიერია იმისათვის, რომ იქ ავტომობილმა ან მოტოციკლმა გაიაროს. ცაჰალის ინფორმაციით გვირაბების შესასვლელები აღმოჩენილია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების სიღრმეში, მათ შორის საცხოვრებელ სახლებში, სკოლებში, საავადმყოფოებში და სხვა ობიექტებში.
ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ჰამასს ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებაში ადანაშაულებენ და აცხადაბენ, რომ ჰამასმა შეგნებულად განალაგა საკუთარი ინფრასტრუქტურა სამოქალაქო ობიექტების გარემოცვაში.