ისრაელში ავტობუსზე სარაკეტო თავდასხმის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ გუშინ ისრაელში, ქალაქ ხულონში სარაკეტო თავდასხმის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა.

მისივე ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

„გუშინდელი შემთხვევის შედეგად სუბუქად დაშავებული არის ერთი ჩვენი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან. მას საავადმყოფოში ჩაუტარდა ხელის დამუშავება და სახლში გუშინვე გაუშვეს. თავს კარგად გრძნობს და კავშირზე ვართ მასთან. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ჟვანიამ პალიტრანიუსთან საუბრისას.

მისივე თქმით, ისრაელის დროით 18:00 საათზე დაანონსებულია შეტევები ისრაელის ცენტრის, თელ-ავივის მიმართულებით, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, 6–ის ნახევრამდე საცხოვრებელ ადგილებში იყვნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა სამხედრო ძალებმა ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის 6 ლიდერი მოკლეს, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის, უსაფრთხოების განყოფილების და ტექნიკური ინჟინერიის ხელმძღვანელი პირები. მედიის ინფორმაციით, ისრაელის მხარეს შეტაკებებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, პალესტინაში კი დაახლოებით 53 ადამიანი.

ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმებს ისრაელში დღესაც ელოდებიან. ცეცხლი 3 დღეა არ წყდება.