ისრაელში ახალი, პანდემიის განმავლობაში უკვე რიგით მესამე ლოქდაუნი გამოცხადდა, რომელმაც ინფექციის გავრცელება საბოლოოდ უნდა დაასრულოს. ხელისუფლება პარალელურად მასობრივი ვაქცინაციის კამპანიას განაგრძობს და იმედი აქვს, რომ ეს კარანტინი ბოლო იქნება.
27 დეკემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს საპატიო მიზეზის გარეშე სახლებიდან კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორება ეკრძალებათ, იხურება ყველა მაღაზია და საწარმო, რომლებსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანიშნულება არ გააჩნია. ლოქდაუნი მინიმუმ ორი კვირით წესდება.
ისრაელში მსოფლიოში Covid1-ის გავრცელების ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში დაახლოებით 400 000 ინფიცირებული და 3200–ზე მეტი გარდაცვლილია.
თუმცა, ისრაელი მხოლოდ ლოქდაუნის იმედად არ არის. გასულ კვირას კორონავირუსის აცრა უკვე ქვეყნის 280 000–მა მოქალაქემ გაიკეთა, პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს განცხადებით კი მომავალი კვირის ბოლომდე ყოველდღიურად 150 000 ადამიანი აიცრება.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ იანვრის ბოლომდე ქვეყნის მოსახლეობის ნახევრის ვაქცინაციას შეძლებენ და მარტის ბოლომდე კორონავირუსის პანდემიას მთლიანად დაამარცხებენ.