ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება უფრო პერსპექტიული მგონია – დავით ზურაბიშვილი საყოველთაო შერიგებაზე

‘ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება უფრო პერსპექტიული მგონია “- ასე აფასებს, პოლიტიოლოგი დავით ზურაბიშვილი, “საყოველთაო შერიგების” იდეას.

” საქართველოს პრეზიდენტრის მოწოდება დიდ ეროვნულ შერიგებაზე არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა ნულოვანი პერსპექტივით. შერიგება კი არა, საერთოდ რამეზე შეთანხმების მაგვარის მიღწეპოვა დაპირისპირებულ მხარეთა შორის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე უშვებს ვარიანტს, რომ მოწინააღმდეგე ბანაკში შესაძლებელია იყოს ერთდროულად წესიერი და ჭკვიანი ადამიანი. ცხადია ასეთი დაშვება არაა კომპრომისისთვის საკმარისი პირობა, მაგრამ აუცილებელი პირობა ნამდვილად არის.

რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? რა და გვაქვს ორი პოლიტიკური პოლუსი, სადაც ერთისთვის მეორე არის სისხლისმსმელი მანიაკების ხროვა, სახელად “ნაცობა”, მეორისთვის პირველი კი რუსეთის მსახურთა და კრემლის სასარგებლო იდიოტთა კონგლომერატი სახელად “ქოცობა”. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს საკუთარ თავს ვინ რას ეძახის. მთავარია, ერთი პოლუსის თვალში როგორ აღიქმება მეორე.

აქ სპეციალურად არ ვეხები იმ თემას, თუ რატომაა ეს ასე და ვისი ბრალია. ფაქტია, რომ ასეა. ამ რეალობაში კომპრომისისთვის კი აუცილებელი ( აუცილებელი!) პირობაა, რომ ორივე მხარემ უარი თქვას საკუთარ ჩამოყალიბებულ შეფასებაზე. კერძოდ, ერთმა აღიაროს, რომ მეორე მხარეს არ არიან სისხლისმსმელი მანიაკები და მეორემ აღიაროს, რომ არა აქვს საქმე კრემლის მომსახურე პერსონალთან. ყოველ შემთხვევაში თუ ასეთები არიან ერთსა და მეორე მხარესაც, ისინი არ შეადგენენ მეინსტრიმს და ძირითად მასას.

ჰოდა რანაირად წარმოგიდგენიათ ვინმეს მსგავსი რამ? მე პირადად ეს პრინციპულად გამორიცხული მეჩვენება. ნაცმა ქოცს პრორუსი არ უწოდოს და ქოცმა ნაცს მანიაკი? ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება უფრო პერსპექტიული მგონია ამასთან შედარებით.

ერთდერთი გზა პოლარიზებული გარემოს დაძლევისა არის არა ამ დაპირისპირებულ მხარეთა შორის შეთანხმება (რაც არსებითად შეუძლებელია მათი დისკურს-ნარატივების გამო), არამედ საზოგადოების იმ სეგმენტის კონსოლიდაცია და გაძლიერება რომელსაც ორივე დაპირისპირებული მხარე აგდებულად მოიხსენიებს შუაშისტებად და ხან ნაცების მიერ არიან ქოცობაში ეჭვმიტანილები, ხან კი ქოცებს ელანდებათ მათში ჩასაფრებული ნაცი. ამ სეგმენტის გაძლიერება იქნებოდა ყველაზე კარგი სტიმული ორივე პოლუსს მიკედლებული საღი და ნორმალური ადამიანებისთვის და არა თავად პოლუსების გარდაქმნის მცდელობა, რომლის დროსაც ზომიერი ყოველთვის წააგებს რადიკალთან, რადგან რადიკალიზმი პოლუსის არსია და არა გადახრა.
როგორ უნდა მოხდეს ამ სეგმენტის გაძლიერება, ცალკე თემაა. მაგრამ თუ რამე სამსჯელოა, სწორედ ეს და არა ის, თუ როგორ მოვაძოვინოთ ერთად თხას და მგელს. თუ ერთ მხარეს შერიგების რიტორიკა მიშას გათავისუფლებისთვის ჭირდება, მეორეს კიდევ მისივე დაჩმორებისთვის, აქედან არაფერი გამოვა და თუ რამე მაინც გამოვა, კარგი არაფერი.”-წერს დავით ზურაბიშვილი.