ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავისთვის, ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე – რომან კაკულია

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას ისტერია თავადაც არ დაუკლია და ინფორმაციის სიმცირის გამო დასკვნას ვერ გააკეთებს.

“არ ვიცი მართალი გითხრათ ეს საკითხი ბოლომდე, ისტერია მემგონი თავად გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით ახლა აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს დასკვნის გაკეთება ძნელია”, – უთხრა კაკულიამ რუსთავი 2-ს.

მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო ასეთი ადამიანების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია, თავად ფაქტი კი სამწუხაროა.

გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.

“კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ ის გეგმავდა ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის გამორჩეული სახის, მოქალაქის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

სუსმა სისხლის სამართლის საქმის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.