ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ საქართველოს პრემირ-მინისტრ გიორგი გახარიას.
„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა- „ფეიკ ნიუსი“ და ფეიკობენ და ფეიკობენ ორი დღეა. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე, ფაქტობრივად, მკვდარია. მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 ათას ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს. ანუ თქვენ 600 ათასი თვითდასაქმებულისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ. მთავრდება რამდენიმე დღეში ეს პროცესი და რას ვხედავთ- 400- ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ. 400 ათასი ადამიანი დატოვეთ დახმარების გარეშე. მხოლოდ 100 ათასამდე თვითდასაქმებულს აქვს მიღებული, იმიტომ, რომ გაურთულეთ პროცედურები და გააწამეთ ეს ადამიანები სხვადასხვანაირი ცნობების მოთხოვნით და ასევე, ის დასაქმებულები, რომლებიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას. სულ მცირე, თქვენ 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ ამ თქვენი ფეიკ დაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის წყალობით და ეს 300 მილიონი წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც არ შეკვეცეთ თქვენ ბიუჯეტში. ეს არის ის ხარჯები, რომლებიც არის მიმართული თქვენი ბიზნესებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის, უსარგებლო კორუფციული ხარჯები, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯები, არჩევნებისთვის გამზადებული ფული და სწორედ ეს თქვენ გააკეთეთ უმუშევრად სიღარიბეში ჩავარდნილი ადამიანების ხარჯზე,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.