ისხდნენ ახლა მარტო და გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი 3-კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი – ნაცვლიშვილი

ისხდნენ ახლა მარტო და გადაწყვიტონ სამუშაო ჯგუფი 3-კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, კომიტეტის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.  ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, პროტესტის ნიშნად,  კომიტეტის სხდომა დატოვეს, სადაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნ 9 კადიდატზე მსჯელობდნენ.

„ჩვენ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უმრავლესობა აპირებს შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომ შეამოწმოს არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატები, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოგზავნილი პარლამენტში. ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ, ჩვენ მოვითხოვთ შევქმნათ რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის შეთანხმებით, ხოლო მანამდე დანიშვნების პროცესი შეჩერდეს. დღეს ხელისუფლება დარჩა მარტო საკუთარ თავთან, განსხვავებების მიუხედავად, ხელმომწერმაც, არახელმომწერმაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ფრაქციამ გააგონა ხელისუფლებას თავის ხმა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. არავინ არ კითხულობს ამ შეთანხმებას ისე როგორც „ქართული ოცნება”, ამიტომ ისხდნენ ახლა ამ დარბაზში მარტო და გადაწყვიტონ სამუშაო ჯგუფი სამ კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა – მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.