ის პირები, ვინც ეკლესიაში იყვნენ, თუ თვითიზოლაციაში გაჩერდებიან, ნულამდე დაიყვანენ საფრთხეს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ ის პირები, ვინც რეკომენდაციების მიუხედავად ეკლესიაში წავიდნენ, მის რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, მაგრამ ურჩევს, რომ საფრთხის ნულამდე დასაყვანად თვითიზოლაციაში დარჩნენ.

„ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ ეკლესიაში, არ მგონია, რომ ახლა, მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში”,- ამბობს ცერცვაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, ისინი ცდილობდნენ, რომ დისტანცია დაიცვათ, ნაწილს ეკეთა პირბადეც, ამიტომ ჰგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

,,მე მაინც ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი. კადრებში, რაც ვნახე, არის მცდელობა, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, იდეალური დაცვა არაა, მაგრამ მცდელობა არის დისტანციის დაცვისა და მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ინფექციონისტების და სასულიერო პირების ნაწილის რეკომენდაციების მიუხედავად, მრევლის ნაწილმა ღამე ეკლესიაში გაათენა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 388 შემთხვევა ფიქსირდება, მათგაან 86 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.