სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით პრორუსი გულბათ რცხილაძე დააკავა

სუსის მიერ ორი ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა-პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი.

სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებული დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. მაღრაძის ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

„დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

ბრიფინგზე დაკავებულის ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა მოგვიანებით სუსმა მედიას დაუდასტურა, რომ დაკავებულია გულბათ რცხილაძე.