ის ვერ შედგა როგორც ელჩი-ზარქუა კელი დეგნანზე

ორმაგი სტანდარტი ვიხილეთ აშშ-ში. იქ თუ დანაშაულია წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გამარჯვებული პარტიის გაყალბებაში დადანაშაულება, აქ რა, „ბანანის რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“? ამას ვედავებით კელი დეგნანს – რადიკალების გვერდით დგომა მიუღებელია,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ხალხის ძალის“ განცხადების კომენტირებისას.

„ჩვენ ვიხილეთ ორმაგი სტანდარტი აშშ-ში საარჩევნო კამპანიის და იმ პერიპეტიების მიმართ, რაც იყო. აქ განსხვავებული მიდგომა აქვთ სტრატეგიულ პარტნიორებს და მათ წარმომადგენლებს და ეს ჩემთვის გაუგებარია. იქ თუ დანაშაულია წაგებულის მხრიდან წაგების არაღიარება და გაყალბებაში დადანაშაულება გამარჯვებული პარტიის, აქ რა, ყველაფერი „მოსულა“ ჩვენს ქვეყანაში? ეს „ბანანების რესპუბლიკაა“ და ამიტომ „მოსულა“?! ამას ვედავებოდით ქალბატონ დეგნანს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ის ვერ შედგა როგორც ელჩი და იმის ნაცვლად, რომ პოლარიზაცია შეემცირებინა, გააკეთა ყველაფერი და უფრო მეტად გააღრმავა. ვწუხვარ, მაგრამ ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი ქმედებები, განცხადებები და მისი ეს მიდგომები, რაც ჰქონდა საარჩევნო კამპანიის მიმართ. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროატლანტიკურ სივრცეს, ეს კონსტიტუციაშიც კი აღვბეჭდეთ, მაგრამ ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პატივს არ სცემს, იგნორირებას გაუკეთებს და რადიკალების გვერდით დადგება, ეს ჩემთვის პირადად მიუღებელია. ამიტომაც პიროვნულად არაფერი, მაგრამ მგონია, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა ქალბატონმა ელჩმა.

მე მგონია, რომ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც შეგნებულად ცდილობდა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა, რევოლუციური ტალღა ყოფილიყო და ქვეყანა შეენჯღრია, გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული, რომ შემდგომში არავინ გაბედოს, რომ ეს ქვეყანა ქაოსში და არეულობაში შეიყვანოს, რომ გარკვეული სახელმწიფოს ინტერესები იყოს გატარებული აქ. მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში. ეს ყველამ უნდა იცოდეს, როგორც პარტნიორმა, ასევე მტერმაც და მოყვარემაც,“ – განაცხადა ზარქუამ.

” ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმედოვნებენ, რომ პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით.