საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ღვთისაგანაა.
,,მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის.
დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი. წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი”,- თქვა ილია მეორემ.
მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა. ,,63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ მაკურთხა დიაკვნად. ვმადლობ უფალს და ვმადლობ უწმინდესს და უნეტარესს”, -განაცხადა პატრიარქმა.
დღეს სამებაში დიდი ხუთშაბათის წირვას პატრიარქი აღავლენს.
კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების მოწოდებების მიუხედავად, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება, ხოლო მცირე ეკლესიებში ისინი გარეთ იქნებიან. მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ დისტანციას დაიცავენ, თუმცა მათ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლიათ.