ზაზა გახელაძის საქმეზე დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 33 წლის საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძეზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.
,,სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა, ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ჩვენი მოქალაქე დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, მისი მშვიდობიანად სახლში დაბრუნება. ამიტომ დღეს, ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი კვლავ გააქტიურდა. 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ჯერ ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.