იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ გაავრცელა.

“რუსეთის ელჩი იტალიაში, სერგეი რაზოვი 5 აპრილის დილას საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ, სადაც გააცნეს იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ 30 რუს დიპლომატს, რომლებიც საელჩოში მუშაობდნენ, პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და იტალიას ვატოვებინებთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენს სხვა ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მივიღეთ. ეს ყველაფერი იტალიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. ეს კრიზისული სიტუაცია რუსეთის ფედერაციამ შექმნა, რომელმაც უკრაინის მიმართ ყოვლად გაუმართლებელი ომი წამოიწყო”. – თქვა დი მაიომ.