იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო facebook-ზე გრავინა ინ პულიას მერმა, ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა. ალესიო ვალენტა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, ვინც ეს გააკეთა.
„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ. იმედია, ესმით, რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა, რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება“, – წერს ალესიო ვალენტე.
ამ ფაქტს ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს.
“სამარცხვინო! ყველგან თავს რომ ჭრიან ქვეყნას ეს უსინდისოები! გულზე მჯიღს რომ იკრავენ იმათთან კითხვა მაქვს ეს რომ ჩვენთან რომელიმე უცხოელმა გააკეთოს რა ამბავს ავტეხთ!? ამიტომ სანამ სხვის თვალში ბეწვის ძებნას დავიწყებთ, საკუთარი დირე მოვიქექოთ! როგორც იტალიელი მერი წერს ამ უმსგავსოებს იმედია დაიჭერენ და უმკაცრესად დასჯიან, ამ ჟამიანობის დროს იტალიელი ხალხის სიწმინდეების შეურაცხყოფისათვის!”-წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.