იტალიის პრემიერ მინისტრთან, მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ არ მომწიფებულა. ამის შესახებ მარიო დრაგიმ უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა და უთხრა, რომ მისი აზრით, უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოსაგვარებლად პუტინი უკრაინის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს. ამ შეხვედრას ზელენსკი ომის დაწყებიდან მოითხოვს.
“პუტინმა მითხრა, რომ დრო ჯერ არ მოსულა“–თქვა დრაგიმ და დასძინა, რომ პუტინის აზრით მოლაპარაკებები მეტისმეტად ნელი ნაბიჯებით მიდის წინ.
იტალიის პრემიერის თქმით, რუსეთმა და უკრაინამ იტალიას სთხოვეს მომავალი სამშვიდობო შეთანხმების რეალური განხორციელების ერთ–ერთი გარანტი გახდეს.
“სანქციები მუშაობს, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუ უკრაინა თავს დაიცავს. სხვაგვარად შეუძლებელია. კვლავ დავუდასტურე პუტინს იტალიის სურვილი ვითანამშრომლოთ მშვიდობის მიღწევის გზაზე, რაც მისთვის მისაღები აღმოჩნდა“– თქვა დრაგიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ პუტინმა გაზის კონტრაქტების გახანგრძლივების შესახებ აცნობა. დრაგის თქმით, კომპანიები რუსულ გაზში კვლავ ევროს და დოლარს გადაიხდიან.