“ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმებას უკანონო ქმედებას უწოდებს.
“აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,” – ნათქვამია განცხადებაში.