იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში რაცია ჩაარტყა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით იუსტიციის სახლში დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში რაცია ჩაარტყა. მოქალაქემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა მათ შორის შელაპარაკება.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით,” – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით,  დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილ იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. ბრალდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს წარუდგინა.