იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი დანიშნა. განცხადება ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
“საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ბატონი კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე”, – თქვა მსხილაძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კოკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.