ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც QR კოდით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს – ამის შესახებ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია მოქალაქის PCR და სწრაფი ტესტის პასუხისა და ვაქცინაციის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ ექნება შესაბამისი სმარტფონი აპლიკაციის ჩამოსატვირთად, მას შეეძლება საკუთარი QR კოდის ამობეჭდვა.
“სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე, აცრილია თუ არა ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს კოვიდი გადატანილი”, – თქვა ფერაძემ.