“იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა” – აბაშიძე–კარასინის კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

ინტერნეტ სივრცეში აბაშიძე–კარასინის კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ისინი რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების და სატრანსპორტო კავშირების აღდგენაზე საუბრობენ.

ვიდეოს წინ უძღვის ტიტრები, რომლებშიც წერია, რომ სერგეი ლავროვი არ ტყუოდა, როცა თქვა, რომ ფრენების აღდგენის საკითხი საქართველოს მთავრობასთან შეათანხმეს. სამეგიეროდ ტყუოდა ღარიბაშვილი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება მთავრობის სახელით არ გამართულა და საქართველო უბრალოდ დაეთანხმა ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას. ჩანაწერის ავტორები წერენ, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკების დაწყებაზე სამთავრობო დონეზე 2022 წლის მარტში შედგა, როცა უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო.

“ფრენების აღდგენა რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის არ მომხდარა, ვისაც თითქოსდა თბილისში ვიზიტის პრობლემები ჰქონდათ, როგორც ბორენკამ და ღარიბაშვილმა გითხრეს. ის რუსეთისთვის და რუსებისთვის მოხდა. ის რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა, რომელმაც პირდაპირ თხოვა თბილისს ფრენების აღდგენა. იმიტომ რომ ეს ეხმარება რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში, უკრაინელების მკვლელობაში და უკრაინის დანგრევაში“. –ნათქვამია ჩანაწერის წინასიტყვაობაში.

ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთოშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განახორციელა.

ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ კარასინმა აბაშიძეს ფრენების აღდგენის შესახებ აზრი ჰკითხა:

-კარასინი: თქვენი რჩევა მინდა. სიტუაცია რთულია, როგორც ხედავთ, და მრავალშრიანი, ჰოდა, ჩვენი სატრანსპო სფეროს ხალხი ამბობს, რომ იქნებ განვიხილოთ იდეები,რომლებიც ქართული მხრიდან მოდიოდა, საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, სახმელეთო ტრანსპორტზე და ა.შ. ჩემი აზრია, რომ ახლა ცოტა არადროულია ამ საკითხის დაყენება და განხილვა, შეიძლება მე ვცდები?

-აბაშიძე: არა, სრულიად მართალი ხართ.

-კარასინი: ჯობს ცოტას მოვიცდით ამ საკითხის დაყენებას, სანამ ვითარება დამშვიდდება და სიტუაცია უფრო ნათელი გახდება

-აბაშიძე: დიახ, დიახ. რა თქმა უნდა.

-კარასინი: სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს კარგი წამოწყება შეიძლება ისე დაიმარხოს, რომ არც გახორციელდეს.

-აბაშიძე: არა, არა. ჩვენ ახლა დანის პირზე დავდივართ აქ.

-კარასინი: მე და შენ ამ საკითხში თანამოაზრეები ვართ.

-აბაშიძე: დიახ, უნდა მოვიცადოთ, სანამ ქარიშხალი გადაივლის.

-კარასინი: კარგი, მოვილაპარაკეთ.