ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მორიგ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ როგორც უკრაინულ, ასევე რუსულ არმიაში განწყობების ცვლილება შეინიშნება, თუმცა ისინი სხვადასხვაგვარად ვლინდება.
უწყება ამას სევეროდონეცკის რაიონში გაჭიანურებულ მძიმე ბრძოლებს უკავშირდება.
ბოლო კვირებში უკრაინელ სამხედროებს შორის აღინიშნა დეზერტირობის ცალკეული შემთხვევები. თუმცა რუსული არმიის მორალური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. იყო შემთხვევები, როცა რუსი სამხედროების მთელმა ქვედანაყოფებმა უარი თქვეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე– იტყობინება ბრიტანული სამხედრო დაზვერვა.
ანგარიშის მიხედვით, რუსულ არმიაში კვლავ ჩნდება კონფლიქტები ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს შორის, ხშირად იარაღის გამოყენებით.
რუსი სამხედროების დემორალიზაციის მიზეზებს შორის ბრიტანული დაზვერვა ასახელებს მეთაურობის დაბალ დონეს, ქვედანაყოფების სუსტ როტაციას, დანაკარგების ძალიან მაღალ მაჩვენებელს და გაუმართავ ლოჯისტიკას. ასევე პრობლემებია თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ბევრი რუსი სამხედროსთვის გაუგებარი რჩება მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევას რუსეთის ხელისუფლება ამ ომის შედეგად აპირებს.