“იშვიათად მინახავს თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი, მისი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი!”- ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას მიმართ, ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარების შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო მიღებულ კრიტიკას.
“იაგო ხვიჩიაზე და მის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. თუმცა იმით დავიწყებ რომ ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით და მათთვის არანაირი სასჯელი არ მენანება და არ დამენანება! იაგომ რაც თქვა აშკარად უშნოდ ნათქვამი იყო და მე როგორც აღვიქვი პედოფილიის გამართლება არ სურდა. არც მჯერა რო სურდა. მისი უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს და მისი ასეთი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! შეეშალა კაცს, არ გამოუვიდა სათქმელი და ნუ აცვამთ ეხლა ჯვარზე. ჩემი და გირჩის აზრები ძალიან ბევრ რამეში სასტიკად არ ემთხვევა ერთმანეთს და არც დაემთხვევა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს შორის იშვიათად მინახავს იაგოსავით თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი. ეს მინდოდა მეთქვა”- წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
საქმე ეხება იაგო ხვიჩიას სტატუსს, რომელშიც ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა.