იძულებითი ქველმოქმედება: თამაზ მეჭიაური სკანდალში ეხვევა

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, შესაძლოა, მორიგ სკანდალში გაეხვეს. საქმე ეხება კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდისთვის შეგროვილ თანხას, რომელიც მერიის აიპის თანამშრომლებს საკუთარი ხელფასებიდან მიატანინეს.

მთავარი არხი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თანხის შეგროვების დავალება მერიიდან ყველა აიპის ხელმძღვანელმა მიიღო,  მათ შორის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა, მუზეუმის, ბიბლიოთეკისა და უფასო სასადილოს  თანამშრომლებმა, თუმცა მათ “მთავარ არხთან” ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

მერიის ინიციატივით დახმარების შეგროვებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ საკრებულოშიც. თვითმმართველობის ორგანოს წევრები ვარაუდობენ, რომ მეჭიაური არა ფონდის, არამედ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობდა.

თამაზ მეჭიაური ყველა ბრალდებას უარყოფს. თიანეთის მერი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ებრძვიან და ცილს სწამებენ. მისი მტკიცებით,  კოვიდის ფონდში ხელფასის ნაწილის გადარიცხვის ინიციატივა თანამშრომლებმა თავად გამოთქვეს.

არასამთვრობო ორგანიზაციები შესაბამის ორგანოებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.