საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 5 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს
”ლუგანსკის რაიონში რუსები ქალაქი სვატოვეს სწრაფ გამაგრებას ახორციელებენ. ქალაქში დამატებითი დანაყოფები შეჰყავთ და ცდილობენ უკრაინული შეტევა მოიგერიონ. თუმცა უკრაინული არმიის მოქმედებებიდან ნათელი ხდება, რომ ისინი კარგად გამაგრებულ ქალაქებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი დანაკარგებით არ ასკდებიან ხოლმე.
– სვატოვე-კრემინას გზასთან ახლოს უკრაინულმა არმიამ ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი – გრიგორივკა და მაკიივკა გაათავისუფლა. უკრაინული არმია აღნიშნული საგზაო მაგისტრალიდან 5-6 კილომეტრშია. საცეცხლე კონტროლი უკრაინელებს უკვე აქვთ, თუმცა ეს ისეთი სიახლოვეა, აქ რუსული კოლონებიც ვეღარ გაივლიან პოტენციური ჩასაფრებების გარეშე.
– ნათელი ხდება რომ, ლიმანთან უკრაინელებმა FSB-ს ელიტური დანაყოფების განადგურება მოახერხეს. ზოგადად, რუსულ არმიასა და შეიარაღებულ ძალებში რეალური პროფესიონალიზმის დეფიციტია. ამ ფონზე უკრაინელების მიერ განეიტრალებული რუსული ბრძოლისუნარიანი შენაერთი მნიშვნელოვნად ცვლის ადგილზე ვითარებას და სხვებისათვისაც – განსაკუთრებით ნაკლებ პროფესიონალებისათვის – მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს.
– ხერსონი-მიკოლაივის მიმართულებით, უკრაინული არმია ქალაქ სნიჰურივკას მისადგომებთან საბრძოლო მოქმედებებშია ჩაბმული. ქალაქს კვლავ რუსული არმია აკონტროლებს, თუმცა შესაძლოა ევაკუაციისათვის მზადებაც მიმდინარეობდეს. თუმცა სნიჰურივკა ხერსონის მიმართულებით ლიმანის ტოლფასის ქალაქია – სწორედ მასზე გადის რუსული თავდაცვის ხაზი. სნიჰურივკაზე მასირებული იერიშისა და მისი გათავისუფლების შემთხვევაში მდინარე ინჰულეცის გასწვრივ მთელი რუსული თავდაცვის ზღუდე ჩაიშლება. ამიტომაც რთული სათქმელია რა ტაქტიკას აირჩევენ როგორც უკრაინელები ისე, რუსები.
– უკრაინულმა არტილერიამ ქალაქ ხერსონში სასტუმრო “ნინელის” შენობა დაბომბა, რომელშიც FSB-ს ცენტრალური შტაბი იყო განთავსებული. მინიმუმ 5 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი იქნა მოკლული.
– კადიროვს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. ამ ფონზე რუსული სამხედრო გენერალიტეტის დისკრიმინაცია რუსული ტელევიზიებითაც კი გრძელდება. რეალურად, შიდა დაპირისპირება რუსულ ძალოვან უწყებებში შესამჩნევია. ბევრი მცდელობაა ერთმანეთს გადააბრალონ წარუმატებლობების სერია უკრაინაში. თუმცა კადიროვს პრიგოჟინთან ერთად ცალკე ფრთა აქვს. მათი გაძლიერება დიდწილად უდრის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნების გვერდზე გაწევას. ამასთან, რთული სათქმელია როგორი ურთიერთობები აქვთ რუსულ უშიშროებასა და კადიროვს. რეალურად, კადიროვი ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს, რაც რუსულ უშიშროებასთან წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს. ამასთან, საბრძოლო მოქმედებებისას განტევების ვაცის ძიება და ახალი, ოდიოზური ფიგურების გამოჩენა ლიდერების პოზიციაზე არცთუ სასურველ შედეგებს დებს ხოლმე.” – განაცხადა კობერიძემ.