დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის აღსრულების საკითხზე მიმართა.
შეტანილი სარჩელი 2022 წლის 5 ივლისს, მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას ეხებოდა, რომლის მიხედვით, კახა კალაძემ 60 მილიონი “ჩაიდო ჯიბეში” ტენდერებიდან და კორუფციული გზით.
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ თბილისის მერის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას ელიან. მელაძე აცხადებს, რომ კახა კალაძეს აღნიშნული საქმე იმიტომ გაახსენდა, რომ 27 ივლისს მის დაუდეკლარირებელ ქონებაზე TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავა.
“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.
აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ-ის მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება – “მამულაშვილის ქეისი”
რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, საქმე, რომელიც “წავაგეთ”. დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.
რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი, გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს”, – წერს მელაძე.