კალაძემ გამგებლებს დაავალა, კვირაში 2 დღით მოქალაქეებს მოუსმინონ

თბილისის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს დაავალა, კვირაში 2 დღის განმავლობაში მოქალაქეები მიიღონ და მოუსმინონ.

მისი თქმით, თუ პრობლემას ვერ მოუგვარებენ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ამის მიზეზი.

“გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში 2 დღე — ხუთშაბათი, პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოუსმინოთ ადამიანებს. მე კარგად მესმის ისიც, რომ ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი, რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ და რაღაცა შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდის, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს კონკრეტული მოთხოვნა რაც აქვს, რატომ ვერ კეთდება. მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაშიც – ხუთშაბათს და პარასკევს”,– განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.