თბილისის მერმა კახა კალაძემ დიზაინერ დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.
“თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას. ადამიანს, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი, ქართველები ვართ ადამიანები, ვისაც ბევრი რამ შეგვიძლია.
ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა მოდის სახლებში და უნდა აღინიშნოს, რომ არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი.
დემნა დღეს თბილისში არ იმყოფება, ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმიტომ, რომ პარიზის მოდის კვირეული იმართება, მინდა მას წარმატებები ვუსურვო. მე მექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში საპატიო თბილისელის წოდება, ჯილდო ოფიციალურად გადავცე პირადად მას”, – თქვა კალაძემ.