კალაძემ ჩვენს დამოძღვრას თავი დაანებოს, ქალაქის პრობლემებს მიხედოს – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.
„რაც შეეხება არჩევნებს, თუ დააკვირდებით, კალაძე ახსენებს, რომ ხელახალი არჩევნები არ იქნება, ხელახალ არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებს შორის არის სხვაობა. კი ბატონო, ნუ იქნება ხელახალი არჩევნები, მაგრამ იყოს რიგგარეშე არჩევნები, ეს ორი სხვადასხვა რამეა.ამ მოცემულობით პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ. კომპრომისი რა იქნება ჩვენი მხრიდან, დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“. თუ ისევ არხეინად განაგრძეს ცხოვრება, ვითომ არაფერი მომხდარა, რა თქმა უნდა, ეს არავის კომპრომისისთვის არ განაწყობს. თუ დავინახავთ მათი მხრიდან ადეკვატურ ნაბიჯებს, მზად ვართ. იმიტომ ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში, რომ მზად ვართ, სერიოზულად ვიმსჯელოთ თითოეულ საკითხზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.